მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში ათასი სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება
მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში ათასი სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მილიონი ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო პროექტ Log-in Georgia-სთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ იქნა 2020 წლის იანვარში. პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან. პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი, რომელიც ამჟამად მაღალი ხარისხის, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოკლებულ რაიონებში ცხოვრობს.

„მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მიზანს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აამაღლოს თავისი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ამგვარად, შექმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები თავისი მოქალაქეებისთვის,“ – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

„პროექტი Log-in Georgia საქართველოს დაეხმარება ეკონომიკური დუალიზმის დაძლევაში, რათა სოფლის მოსახლეობისა და რეგიონებში მოქმედი საწარმოებისათვის იმ შესაძლებლობებთან წვდომა უზრუნველყოს, რითაც ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს. ამის მიღწევა კი შესაძლებელი გახდება ქვეყნის რეგიონების მასშტაბით ციფრული კავშირის ზრდაში ინვესტირებითა და ციფრული სერვისების განვითარების ხელშეწყობით.

აღნიშნული დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო გაამყარებს მისი როგორც ინოვაციური „ჰაბის“ და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოზიციას და ასევე, უზრუნველყოფს მდგრად აღდგენას COVID-19 -ის პანდემიის ფონზე“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. სოფლების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაფარვის ზრდით და ასევე, ქვეყნის მასშტაბით ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს ციფრული სერვისების გამოყენებას. პროექტი წაახალისებს ციფრულ საფინანსო სერვისებსა და ელექტრონულ კომერციას, ისევე როგორც ელექტრონული მთავრობის სერვისებს. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარებას.

„მსურს ხაზი გავუსვა, რომ პროექტი Log-in Georgia, რომელსაც დღეს  მსოფლიო ბანკთან ერთად ვიწყებთ, ათასამდე დასახლებულ პუნქტში დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალი ხარისხის ინტერნეტითა და ბევრი ისეთი თანამედროვე სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს, როგორებიცაა ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება და ელექტრონული კომერცია. ისინი ასევე შეძლებენ შინიდან დისტანციურად მუშაობას. მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციებისგან, მათ შორის, მსოფლიო ბანკისგან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე რეფორმების და პროგრამების განხორციელებაში, უდიდესი მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით გამორჩეულია, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კრიზისის კონტექსტში, კერძოდ COVID-19-ის პანდემიის საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში,“ – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

პროექტი ხელს შეუწყობს ფართოზოლოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას პოლიტიკისა და მარეგულირებელი რეფორმების საშუალებით, რათა სოფლად ინტერნეტპროვაიდერებმა დაბალ ფასად შეძლონ კონკურენტული მაღალხარისხიანი ინტერნეტსერვისის მიწოდება. ამავე დროს, სამიზნე დასახლებულ პუნქტებში სპეციალური ღონისძიებები განხორციელდება ქალების, ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშესაწყობად.

„ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას მსოფლიო ბანკთან საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. დღეს დამტკიცებული პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის არსებული განსხვავების შემცირებას, რასაც დიდწილად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ციფრული ინფრასტრუქტურისა და ინტერნეტთან წვდომის გავრცელება,“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

პროექტი განხორციელდება არა-მეწარმე, არაკომერციული იურდიული პირის Open Net-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.