მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოს 2024 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანას შორის მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი ზრდა ჰქონდა და მომდევნო ორ წელიწადშიც ლიდერი იქნება
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანას შორის მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი ზრდა ჰქონდა.
მსოფლიო ბანკის 2025 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9.0 პროცენტით განისაზღვრა.
მსოფლიო ბანკის მოხსენებაში ასევე მოცემულია პროგნოზები 2025 და 2026 წლებისთვის. მოხსენების თანახმად, 2025 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.0 პროცენტი იქნება, 2026 წელს კი – 5.0 პროცენტი.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგნოზებით მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლით ევროპის და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანას შორის კვლავ ლიდერი იქნება. მსგავსი პროგნოზები მინიჭებული აქვს მხოლოდ ტაჯიკეთს.
მოხსენების თანახმად, 2025 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონის საერთო ზრდა შესუსტდება 3.9 პროცენტამდე, 2026 წელს კი – 3.4 პროცენტამდე.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება შემცირდება, ასევე მოსალოდნელია სომხეთსა და საქართველოში ზრდის პოტენციურ ტემპებთან დაახლოება ფაქტორებით, როგორებიცაა რეექსპორტი, ვიზიტორების შედინება და რეალური ხელფასის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო ზრდას 2024 წელს.
ანგარიშში საუბარია ტურიზმის ეკონომიკურ სარგებელზე და ამის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოა მოყვანილი.
„იმის გამო, რომ ეს არის შრომის ინტენსიური სექტორი, ტურიზმს შეუძლია, ხელი შეუწყოს სამუშაო და საარსებო წყაროს. მას ასევე შეუძლია, ხელი შეუწყოს ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების გაზრდას. ტურიზმი შეიძლება იყოს გარე მოთხოვნისა და ექსპორტის ზრდის საიმედო წყარო. ზოგიერთმა საშუალო შემოსავლის ქვეყანამ გამოიყენა თავისი ტურისტული პოტენციალი დიდი ეკონომიკური დივიდენდების და ზრდისთვის (სომხეთი, კამბოჯა, კომორი, საქართველო, კენია, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ნეპალი, სოლომონის კუნძულები)“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
მსოფლიო ბანკის მოხსენება ეხება მზარდ ბაზრებს და განვითარებად ეკონომიკებს.