მსოფლიო ბანკი - საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს ოთხი პროცენტით გაიზრდება
მსოფლიო ბანკი - საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს ოთხი პროცენტით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის „კოვიდ-19“-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში აღნიშნულია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში.

პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს ოთხი პროცენტით, ხოლო 2022 წელს ხუთი პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება „კოვიდ-19“-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე, მათ შორისაა – გაჭიანურებული ვაქცინაცია, დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების შემოდინებაზე. მდგრადი და მტკიცე განვითარებისთვის საქართველოს დასჭირდება უწყვეტი ფოკუსირება „კოვიდ-19“-ის ინფექციის გავრცელების შენელებაზე, ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე და ასევე, გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის, ორიენტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების, ინსტიტუციების გაძლიერების, ციფრული და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.