მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს
მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს

მსოფლიო ბანკი განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანხის გამოყოფაზე ხელშეკრულებას 18 ივნისს მოეწერება ხელი.

„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ჩვენი ეროვნული პროექტის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მსოფლიო ბანკი განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს. შეთანხმებას ხელი მოეწერება ხვალ, 18 ივნისს. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში, ის ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აწარმოებს ყველა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის ინდექსის გაზომვას. ეს პროექტი პირდაპირ დაგვეხმარება ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაში. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან სკოლის მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, სკოლამდელი განათლების დაწესებულებები. ამავე დროს პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის, ცალკე პროგრამა არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში მოსწავლეების მხარდასაჭერად. ამავე დროს მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მსოფლიო ბანკს დიდი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი