მსოფლიო ბანკი - ადამიანურ კაპიტალში მსოფლიო ბანკის ტრანსფორმაციული ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას
მსოფლიო ბანკი - ადამიანურ კაპიტალში მსოფლიო ბანკის ტრანსფორმაციული ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას

საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის პოტენციალს მნიშვნელოვნად აამაღლებს ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, 400 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება უდიდესი ერთიანი მრავალდარგობრივი ინვესტიციაა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს თანაპარტნიორობის 30 წლის მანძილზე განახორციელა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“ ადამიანური კაპიტალის მრავალდარგობრივი მიმართულებით ერთიანად დასაფინანსებლად, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. ასევე, პირველად ხდება მსოფლიო ბანკის დაფინანსების აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოში.

„ეს მართლაც უპრეცედენტო პროგრამაა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიო ბანკისთვის,  რაც იმის დასტურია, რომ ინვესტირება ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უპირველესი პრიორიტეტია ბანკისთვის, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობისთვის. მხოლოდ ადამიანური კაპიტალის სრული პოტენციალის ათვისებით, მომავალი თაობის მაღალი ხარისხის განათლებასთან წვდომით,და ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის თანასწორი სერვისების მიწოდებით, შეძლებს საქართველო მყარი საფუძვლის მომზადებას ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკეთესი სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მისი ხალხისთვის“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან,მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.

„მიგვაჩნია რა, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტირება განათლებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ დაცვასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება და ამ გზით ინოვაციური გადაწყვეტების გამოყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის პერიოდში, რათა თანმიმდევრულად მოხდეს ადამიანური კაპიტალის შედეგების დაცვა, უთანასწორობის აღმოფხვრა და პანდემიის უარყოფითი შედეგების შემსუბუქება. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ მსოფლიო ბანკის ამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას და მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში და ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმების სერვისებში. მოსალოდნელია, რომ რეფორმები გააუმჯობესებს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სოციალური დახმარების დაფარვას, და ამასთან, უკეთესად მოამზადებს და დააკავშირებს უმუშევარ პირებს დასაქმების შესაძლებლობებთან. პროგრამა მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვის მომსახურების შესყიდვისა და ფასწარმოქმნის რეფორმაში, ფარმაცევტული ბაზრის ეფექტიანობისა და თანასწორობის გაუმჯობესებაში და ასევე, პირველადი ჯანდაცვის, ისევე როგორც ჰოსპიტალური მკურნალობის გაუმჯობესებაში.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო რეფორმების მიმართულებით კი, ადამიანური კაპიტალის პროგრამის მთავარი ამოცანაა საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება, რათა მათ შეძლონ მზარდი კომპლექსური პრობლემების დაძლევა, რომელთა წინაშეც დღეს  თანამედროვე საზოგადოება დგას. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული სასკოლო, საუნივერსიტეტო და შემდგომი განათლების ეტაპების ჩათვლით, რათა მოხდეს სისტემის ტრასფორმირება ცოდნის მიწოდებიდან ისეთი უნარების განვითარებამდე, როგორებიცაა პრობლემების გადაწყვეტის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები. პროგრამა აღნიშნულს განახორციელებს განათლების სისტემის დაფინანსებისა და ორგანიზაციის ფუნდამენტური რეფორმის მეშვეობით. შედეგად მოსწავლეებს წვდომა ექნებათ უკეთეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელობას კი მხარდაჭერის უკეთესი პირობები საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, გაცილებით უკეთ განვითარდება და მდგრადი გახდება ციფრული განათლების ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში,ისე ყველაზე შორეულ მაღალმთიან სოფლები. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ვალდებულებას გლობალური კლიმატის ცვლილების დღის წესრიგთან დაკავშირებით. მთაგორიანი რელიეფის გამო, საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისული მოვლენების მიმართ. შერბილების მოკლევადიან ღონისძიებებთან ერთად, როგორებიცაა სათბურის აირების გამოფრქვევის შემცირება და სკოლების ენერგოეფექტიანობა, პროგრამა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმებული ღონისძიებების განხორციელებას მასში ჩართული ყველა მონაწილის მიერ. ეკოლოგიის მიმართულებით, განათლების პროგრამა ასევე ითვალისწინებს მასწავლებლებისთვის მოდულების ჩატარებას კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ, ასევე ტრენინგებს „მწვანე“ სამუშაო ადგილებისთვის აუცილებელი უნარების ათვისების ხელშესაწყობად.