მსჯავრდებულის დედა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს
მსჯავრდებულის დედა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს

მსჯავრდებულ ნიკა ლოგუას დედა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს.

25 წლის ნიკა ლოგუა ზუგდიდელია, ის სასჯელს ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

მსჯავრდებულის დედა აცხადებს, რომ შვილმა ციხიდან წერილი გამოუგზავნა, რომელშიც მისი მძიმე მდგომარეობაა აღწერილი. ლოგუა წერილში წერს, რომ სასჯელს სამარტოო საკანში, მძიმე პირობებში იხდის და ადმინისტრაციისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულმა გარკვეული პერიოდი იშიმშილა, თუმცა შემდეგ წნეხს ვერ გაუძლო და თვითდაზიანება მიიყენა.

„უყურადღებოდ მიმაგდეს, სისხლისგან დავიცალე, ვკვდებოდი და ისევ ვითხოვე დახმარება, მერე წამიყვანეს და გამკერეს. ალბათ 17 ნაკერი მადევს, ძალიან სუსტად ვარ. გთხოვ დედა, უამბე ეს ყველას და დამეხმარე, მხოლოდ ორი დღეა დრო“, – წერს პატიმარი წერილში.

მსჯავრდებულის დედის განცხადებით, ის შვილს ბოლოს ტელეფონით 27 აგვისტოს ესაუბრა და სწორედ მაშინ შეატყობინა, რომ წერილს გაუგზავნიდა.

ამასთან, ლოგუას ადვოკატის, სოსო ჯანაშია შეფასებით, წერილი, რომელიც დედამ ციხიდან მიიღო, საგანგაშო სიგნალია. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პატიმარი სასჯელს ბათუმის დაწესებულებაში იხდის, მისი ნახვა ორშაბათამდე ვერ ხერხდება.

ნიკა ლოგუა 2016 წლის 15 ივნისს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთერთ მაღაზიაში ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ორწლიანი პირობითი სასჯელით, რადგან მას წინა, ქურდობის საქმიდან ხუთწლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული.

სოსო ჯანაშიას თქმით, ოჯახს პატიმრის მონახულების უფლება არ აქვს, ადვოკატი კი, ბათუმში მდებარე N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარების გასარკვევად ჩასვლას ორშაბათს, 2 სექტემბერს გეგმავს.