მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ოპერაციისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს
მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ოპერაციისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს

მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ოპერაციის ჩატარების მიზნით სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ფირცხლავას გადაყვანა მისივე თანხმობით მოხდა.

„პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური წინამდებარე განცხადებას ავრცელებს.

მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას 2016 წელს დაესვა დიაგნოზი, ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, არტერიული ჰიპერტენზია და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. კერძოდ, მსჯავრდებული იღებდა სპაზმოლიტიკებს, ფერმენტულ პრეპარატებს, ტკივილგამაყუჩებლებსა და წნევის საწინააღმდეგო საშუალებებს. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მსჯავრდებულს სპეციალისტის კონსულტაცია და ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ექოსკოპიური გამოკვლევისას ნაღვლის ბუშტში მრავლობითი კონკრემენტები (მაქსიმალური ზომა 10მმ, მინიმალური – 6 მმ) დაუდგინდა. დაისვა დიაგნოზი – ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, ეროზიული გასტროდუოდენიტი. 25 სექტემბერსა და 13 ნოემბერს ირაკლი ფირცხალავას განმეორებითი ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც იგივე სურათი გამოიკვეთა.

მსჯავრდებული უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, უმადობას, ტკივილს ნაღვლის ბუშტის არეში, აღენიშნება წონაში კლება. ქირურგის რეკომენდაციით დაინიშნა ოპერაცია, რისთვისაც პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მიიჩნია საჭიროდ. შესაბამისად, თავად მსჯავრდებულის თანხმობით მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის ჩასატარებლად“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.