მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „ლამანჩელი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს
№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ლამანჩელი“ გაიმართა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და სამი პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, დაშვებული შეცდომების მიუხედავად, შეუძლია ცხოვრების ახლიდან დაწყება. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
ღონისძიებას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახების წევრები.