მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის დედა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს
მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის დედა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს

მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის დედა მერი კიკნაძე მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს.

გოდერძი კიკნაძეს განზრახ მკვლელობისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. თუმცა, მერი კიკნაძე სხვა საქმის გამოძიებას ითხოვს. როგორც მან განმარტა, მისი შვილი 2013 წელს ორთაჭალის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, საკანში კი, დანა დაუდეს. 2013 წელს კიკნაძეს ბრალად  ედებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შენახვა და ადმინისტრაციის მუშაობისთვის ხელის შეშლა. პროკურატურამ ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ მსჯავრდებულის უფლებები დაირღვა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საქმე გადასინჯა და მსჯავრდებულის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. გამამართლებელი განაჩენი 2018 წელს დადგა, თუმცა კიკნაძის დედის თქმით, ის პირები ვინც საქმეში ფიგურირებდნენ, ანუ ციხის ყოფილი მაღალჩინოსნები, ამ დრომდე არ დასჯილან, მათ შორის, ციხის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე ივანე ლეჟავა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიმართ გამოძიება ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გრძელდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე.