მშვიდობის კათედრალში ქრისტიანთა ერთობისთვის ლოცვის ეკუმენური ღვთისმსახურება გაიმართა
ევანგელურ-პაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის ეკუმენური ღვთისმსახურება გაიმართა.
ქრისტიანთა ერთობისთვის ლოცვის ტრადიცია გასული საუკუნიდან იღებს სათავეს და ის ფრანცისკანელი მღვდლის ინიციატივას უკავშირდება. მოგვიანებით მსოფლიო ეკლესიათა საბჭომ მოწოდება საყოველთაო გახადა და ერთობისთვის ლოცვის კვირეული ყოველწლიურად, იანვრის ბოლოს იმართება.
საქართველოში ეკუმენური ლოცვის ჯაჭვში გაერთიანებული არიან კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესია. წელს ლოცვის მასპინძელი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაა. მშვიდობის კათედრალში გამართულ ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღეს ოთხივე ეკლესიის გუნდმა.
როგორც ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ლიტურგიის დაწყებამდე განაცხადა, ყოველ წელს ლიტურგიაზე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა დენომინაციის ქრისტიანები.
წლევანდელი ლიტურგიის ავტორები არიან მალტის ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც ყოველი წლის 10 თებერვალს აღნიშნავენ პავლე მოციქულის ნავის მალტის სანაპიროზე გამორიყვის დღეს. პავლე მოციქულის მოგზაურობას ისინი უკავშირებენ დღევანდელი მსოფლიოს ტკივილიან გამოცდილებას, როცა ომსა და სისხლისღვრას გამოქცეული ლტოლვილები ნავებით ცდილობენ საკუთარი ოჯახები უფრო დაცულ ქვეყნებში გადაიყვანონ.
ეკუმენური ლოცვის მთავარი საკითხავი არის საქმე მოციქულთა 28 თავიდან, სადაც საუბარია, როგორი საოცარი გულუხვობით უმასპინძლეს მალტელებმა პავლე მოციქულსა და მასთან მყოფ დაზიანებული ნავის სხვა მგზავრებს.
„დღევანდელი ლიტურგიის მთავარი სათქმელი ეს იყო, როგორც მალტელმა ხალხმა საოცარი მასპინძლობა გულუხვობა და სიკეთე გამოიჩინეს მათთვის სრულიად უცხო ადამიანებისადმი, ეს გამოწვევა რჩება დღევანდელი საქრისტიანოს წინაშე, მაშინ როდესაც უამრავი დევნილი თავიანთი სამშობლოდან მორბის იმიტომ, რომ გადაარჩინონ ოჯახები. ამ გამოწვევას როგორ ხდება საქრისტიანოს დიდი ოჯახი. როგორ მიიღეს მალტელებმა ეს ხალხი – არ უკითხავთ რა რჯულის იყვნენ, თავშესაფარი მისცეს. ეს სჭირდება იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ქვეყნებს მოადგებიან ხოლმე სადაც ქრისტიანული ეკლესიები ყველაზე დიდია, ისეთივე ნავებით როგორც პავლე მოციქული მოადგა ნაპირს“, – განაცხადა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.