გიორგი მშვენიერაძე - მერაბ გაბინაშვილი წლებია, სასამართლოშია და მჭიდრო კავშირები აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაბატონებულ ჯგუფთან
გიორგი მშვენიერაძე - მერაბ გაბინაშვილი წლებია, სასამართლოშია და მჭიდრო კავშირები აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაბატონებულ ჯგუფთან

მერაბ გაბინაშვილი წლებია, სასამართლოშია, მას აქვს მჭიდრო კავშირები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაბატონებულ ჯგუფთან, რომელსაც კლანს ვეძახით, – ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, აინტერესებს, რამდენად მოახერხებს მერაბ გაბინაშვილი ამ ჯგუფისგან დისტანცირებას, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება.

„მერაბ გაბინაშვილი წლებია, სასამართლოშია. მას აქვს მჭიდრო კავშირები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაბატონებულ ჯგუფთან, რომელსაც კლანს ვეძახით, რადგან ისინი ხელმძღვანელობენ ერთმანეთთან მეგობრობით, ნათესაობით და ამ ტიპის ურთიერთობებზე დაფუძნებით იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვინდა მისგან მოვისმინოთ, რამდენად ახერხებს ან მოახერხებს ამ ჯგუფისგან დისტანცირებას, თუ ის გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ჯერ მისგან ვერ მოვისმინეთ სინანული და თვითკრიტიკა იმ განვლილი წლების გამო ან სასამართლოში დღეს არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველოს სასამართლოს ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე იტალიის, ან ესპანეთის. ალბათ ჩვენი კითხვა ისიც იქნება, რას ურჩევდა იტალიელ და ესპანელ კოლეგებს, რომ გაზარდონ ნდობა და წამოეწიონ საქართველოს“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.