„მშობლები განათლებისთვის“ - სასკოლო გამოცდების გაუქმება რეფორმა არ არის, ეს არის აღიარება, რომ მომავალი თაობა არასწორი გზით გვიტარებია
„მშობლები განათლებისთვის“ - სასკოლო გამოცდების გაუქმება რეფორმა არ არის, ეს არის აღიარება, რომ მომავალი თაობა არასწორი გზით გვიტარებია

სასკოლო გამოცდების გაუქმება რეფორმა არ არის, ეს არის იმის აღიარება, რომ წლების განმავლობაში არასწორი გზით გვივლია და რაც მთავარია, არასწორი გზით გვიტარებია მომავალი თაობა, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე დღეა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასკოლო გამოცდების გაუქმებასთან და ეროვნული გამოცდების ცვლილებასთან დაკავშირებით.

„ამ პროცესს სამინისტრო რეფორმას უწოდებს, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ ბოლო ათწლეულია განათლების სისტემაში ყველა მისაღებ თუ მიუღებელ, გონივრულ თუ არაგონივრულ, კვლევაზე დაფუძნებულ თუ პირთა ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რეფორმას არქმევენ, შემდეგ კი ამის შესახებ ინფორმაციას მასმედიის საშუალებით, ფრაგმენტულად გვაცნობენ.

სასკოლო გამოცდების გაუქმება რეფორმა არ არის. ეს არის იმის აღიარება, რომ წლების განმავლობაში არასწორი გზით გვივლია და რაც მთავარია, არასწორი გზით გვიტარებია მომავალი თაობა“,- აღნიშნავენ ასოციაციაში.

მათივე თქმით, „ე.წ. რეფორმა არ აჩვენებს, როგორ გაუმჯობესდება ზოგადი განათლების ხარისხი“.

„ცხადია, გამოცდების გაუქმებით ერთი უსარგებლო და არაფრისმომცემი აქტივობის განხორციელების ვალდებულება მოეხსნება მოსწავლეს და სკოლას, თუმცა ე.წ. რეფორმა არ აჩვენებს, როგორ გაუმჯობესდება ზოგადი განათლების ხარისხი, რაც გულისხმობს მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას, მათთვის მრავალმხრივი ინტერესების გაღვივებას, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, გამჭოლი კომპეტენციების რეალურად განვითარებას, ისე, რომ დღევანდელი მოსწავლისგან ხვალ მივიღოთ თავისუფლად მოაზროვნე, სწორი ღირებულებების მქონე კარგი მოქალაქე.

რეფორმა არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი და საშურია, თუმცა მან კომპლექსურად უნდა მოიცვას რამდენიმე საკითხი: როგორ ზოგად განათლებას მიიღებენ მოსწავლეები, სად და რა პირობებში მიიღებენ, რა კომპეტენციისა და ღირებულებების მქონე მოქალაქეები ასწავლიან მათ და რა რესურსით.

დღეს კი რეალობა ასეთია:

სკოლა დღეს ვერ იძლევა ხარისხიან განათლებას და 21-ე საუკუნისთვის გამოსადეგ აუცილებელ უნარებს. მოსწავლეებს რეპეტიტორის გარეშე უჭირთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება;

სკოლის ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელია, რითიც ბავშვს ერთმევა უფლება, განათლება მიიღოს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ბავშვთა მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობა, ანტისანიტარია საპირფარეშოებში, ბუფეტის არქონა ან უხარისხო საკვები – ეს ჩვენი სკოლების ყოველდღიურობაა;

იმის ნაცვლად, რომ მასწავლებლები მთლიანად გადართულები იყვნენ მათ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაზე, ფიქრი უწევთ როგორ გაუმკლავდნენ უმწვავეს სოციალურ ფონს და ყოველდღიურ პრობლემებს, მათი ანაზღაურება დაბალია, მათ კომპეტენციას კი ვერ შველის ტრენინგები; ამ ყველაფერს ხშირად ემატება ზოგადსაკაცობრიო, დემოკრატიული ღირებულებების დეფიციტი. რაც შეეხება კომპეტენტურ პედაგოგებს, თავსმოხვეული „რეფორმების“ და ცვლილებების გამო, მათ დრო არ რჩებათ, რომ მოსწავლეების საჭიროებებზე იფიქრონ;

დირექტორები ანგარიშვალდებულები არიან რესურს-ცენტრების, სამინისტროს, ხელისუფლებების და არა სამეურვეო საბჭოს, სასკოლო საზოგადოების, მშობლების და რაც მთავარია, მოსწავლეების წინაშე. მათი ანაზღაურება დიდად არ აღემატება მასწავლებლებისას, პასუხისმგებლობა კი უზღვავი აქვთ“, – აცხადებენ ასოციაციაში „მშობლები განათლებისთვის“.

ასოციაციაში უახლოეს სამ თვეში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში არსებითი ცვლილებების მოლოდინი აქვთ.

„კარგი განათლება შეუძლებელია ავტონომიური, მონაწილეობით მმართველობაზე დაფუძნებული და სასკოლო საზოგადოების (არა მთავრობის) წინაშე ანგარიშვალდებული სკოლის გარეშე. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია უახლოეს სამ თვეში მომზადდეს არსებითი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დეცენტრალიზაციის მიმართულებით; 2019 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მიღებული იყოს ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის დანერგვისთვისაც ერთი სასწავლო წელი იქნება გათვალისწინებული.

შედეგად, ჩვენ მივიღებთ რეალურად დამოუკიდებელ სკოლას, რომელშიც განათლების ხარისხიც და ადმინისტრირების საკითხებიც დამოკიდებული იქნება სამეურვეო საბჭოს (სასკოლო საზოგადოების) კონტროლზე, რომელიც დირექტორთან ერთად გააკონტროლებს მასწავლებლის დაქირავების, გათავისუფლების და პროფესიული განვითარების საკითხს.

გარდა ამისა, სკოლას რეალურად უნდა გადაეცეს საკუთრებაში ქონება და გაიზარდოს როგორც მასწავლებლების, ისე დირექტორების ანაზღაურებაც“,- აცხადებენ ასოციაციაში „მშობლები განათლებისთვის“.