მშობლები აცხადებენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით საქმე წინ მიდის და დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეწყვეტენ თუ არა პროტესტს
მშობლები აცხადებენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით საქმე წინ მიდის და დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეწყვეტენ თუ არა პროტესტს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებიც ესწრებოდნენ.

როგორც სხდომის შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა, სალომე გაბელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტული პასუხი მოისმინეს მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც, გაიდლაინი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.

„კონკრეტული პასუხი არის ის, რომ გაიდლაინი ანუ პროტოკოლი სრულდება მაისის ბოლოს. 10 ივნისამდე ექსპერტიც დაადასტურებს, რომ ეს არის ნამდვილად კარგი მედიკამენტი. ვიდრე გაიდლაინზე მუშაობა არ დასრულდება, ვერც თამარ გაბუნია და ჯანდაცვის სამინისტროდან ვერცერთი პირი ვერ აკეთებს კონკრეტულ განცხადებას, როდის შემოვა მედიკამენტი „ვოსორიტიდი“. მანამდე კიდევ იქნება მიმოწერა „ბიომარინთან“, წამლის მწარმოებელ კომპანიასთან. სამწუხაროდ, ახლა სახელმწიფოსა და წამლის მწარმოებელ კომპანიას შორის გაუთქმელობის აქტია გაფორმებული. საბოლოო ჯამში, მშობლები მივხვდით იმას, რომ საქმე ნამდვილად წინ მიდის, ჩვენ ამას ვისმენთ. ნებისმიერ საბჭოზე მიწვეული ვიქნებით და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით“, – განაცხადა სალომე გაბელაშვილმა.

ამასთან, სალომე გაბელაშვილის განცხადებით, პროცესები წინ მიდის, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ იციან, როდის შემოვა საქართველოში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“. მისივე თქმით, დღეს საღამოს აცნობებენ საზოგადოებას, შეწყვეტენ თუ არა პროტესტს.

„კიდევ გვჭირდება ცოტა მოთმინება იმისათვის, რომ ზუსტად გავიგოთ, როდის შემოვა მედიკამენტი. როგორ დაველოდებით მშობლები, იქნება ეს პროტესტის ფონზე თუ არა პროტესტის, ამას დღეს, 10:00 საათზე გაგაცნობთ. მედიკამენტის შემოტანა დამოკიდებულია პროტოკოლზე, რადგან პროტოკოლში წერია ყველაფერი დიაგნოზისა და მედიკამენტის შესახებ. მაისის ბოლოს იქნება პროტოკოლი, კომპანია „ბიომარინიც“ თანახმა იქნება, თავისი მედიკამენტი სხვა ქვეყნის ბავშვებმაც მოიხმარონ. კარგი ნაბიჯებით მივდივართ და 10 ივნისს უკვე გვეცოდინება კონკრეტული დრო, როდის დაიწყება ჩვენი შვილების მკურნალობა

ასევე, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ ფინანსები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, შეგვიძლია, ერთ დღეში ნებისმიერი თანხა გადმოვურიცხოთ ბავშვებსო. ეს ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც ძალიან კარგი მესიჯი იყო“, – აღნიშნა გაბელაშვილმა.