მშიერმა მაჩვმა რომაული პერიოდის განძი აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება
მშიერმა მაჩვმა რომაული პერიოდის განძი აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება

არქეოლოგთა განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, მშიერმა მაჩვმა საკვების ძებნაში რომაული პერიოდის 200-ზე მეტი მონეტა აღმოაჩინა.

მონეტები ასტურიის რეგიონში, ლა-კუესტას მღვიმეში, 2021 წლის აპრილში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ისინი ზედაპირზე მშიერმა მაჩვმა ამოყარა, რომელიც 2021 წლის დიდთოვლობისას, საკვების ძებნაში გამალებული თხრიდა მიწას.

იმ პერიოდში, მრავალი ველური არსება დაეძებდა კენკრას, ჭიებსა თუ მწერებს; უიღბლო მაჩვს კი აშკარად არ გაუმართლა და მხოლოდ რამდენიმე საკვებად უვარგისი ლითონის დისკო ამოთხარა, რომლებსაც მოგვიანებით ადგილობრივი მცხოვრები გადააწყდა.

მღვიმეში, სავარაუდოდ მაჩვის გათხრილ მიწაში, არქეოლოგებმა 209 მონეტა იპოვეს, რომლებიც ახ. წ. III-V საუკუნეებით თარიღდება.

მკვლევართა განცხადებით, ამ გვიანდელი რომაული პერიოდის მონეტათა უმეტესობა ჩრდილო და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდანაა — ანტიოქიიდან, კონსტანტინოპოლიდან, თესალონიკიდან. სულ მცირე ერთი მონეტა ლონდონიდან არის.

„მონეტების რაოდენობისა და ადრეული შუა საუკუნეებიდან გარდამავალი პერიოდისადმი დიდი არქეოლოგიური ინტერესის გამო, ეს აღმოჩენა განსაკუთრებულია“, — წერენ მკვლევრები.

მეცნიერთა განცხადებით, მონეტები იქ სავარაუდოდ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მოხვდა, რაც გერმანიკული ხალხის, სვებების თავდასხმებით იყო გამოწვეული. იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ისინი მეხუთე საუკუნეში შეიჭრნენ.

კვლევა Journal of Prehistory and Archaeology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი