მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და გამწვანების სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება 
მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და გამწვანების სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება 

თბილისის მერიის ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში სავალდებულო ხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა , ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება.

მისივე თქმით, მშენებელს ვალდებულება ექნება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესახებ  დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოაქვეყნოს, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა პროექტის შესახებ.

“იცით, რომ ვახორციელებთ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც უნდა გამყარდეს შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებებით. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ რამდენიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლითაც არსებითად იცვლება მიდგომა ქალაქგეგმარებითი პროცესის მიმართ. ამ ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში. პირველივე დღიდან სამსახურები უნდა იყოს ჩართული, რომ ყველანაირი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არსებული პარკები და სკვერები არ არის საკმარისი.

კალაძის განცხადებით, ყველა მშნებლობის დროს ყურადღება დაეთმობა მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას და გამწვანებას.