მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე აღინიშნება
მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე აღინიშნება

„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, მოეწყობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-ალბომის – „ვერიკო ანჯაფარიძე“ პრეზენტაცია. ალბომი, რომლის ავტორიც, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძეა, მსახიობის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.

თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება მხატვრულ-ლიტერატურული ინსცენირება – მონო სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის მიერ საქართველოს დრამატული საზოგადოების დაფუძნების შესახებ.

დღესვე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ „თეატრის მეგობართა კლუბს“ დააფუძნებს, რომლის მიზანიც თეატრის განვითარების ხელშეწყობაა.

სპეციალურად თეატრის დღეს დაფუძნდება და გაიცემა ასევე, ორი ჯილდო – დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო – „ქართული თეატრის მეცენატი“, თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.

ღონისძიებაზე შემდეგი პრემიებიც გაიცემა: პეტრე ოცხელის სახელობის პრემია, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია და აკაკი ხორავას სახელობის პრემია. ღონისძიება დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლ „გაყრას“ უკავშირდება.