„ქართული თეატრის მეცენატის“ ჯილდო ბიძინა ივანიშვილს, გიორგი თოფაძეს, ლაშა პაპაშვილს, გიორგი რამიშვილსა და ელგუჯა ბუბუტეიშვილს გადაეცათ
„ქართული თეატრის მეცენატის“ ჯილდო ბიძინა ივანიშვილს, გიორგი თოფაძეს, ლაშა პაპაშვილს, გიორგი რამიშვილსა და ელგუჯა ბუბუტეიშვილს გადაეცათ

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მოეწყო წიგნი-ალბომის – „ვერიკო ანჯაფარიძე“ პრეზენტაცია. ალბომი, რომლის ავტორიც, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძეა, მსახიობის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.

თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული ინსცენირება – მონოსპექტაკლი ილია ჭავჭავაძის მიერ საქართველოს დრამატული საზოგადოების დაფუძნების შესახებ.

სპეციალურად თეატრის დღესთან დაკავშირებით დაფუძნდა და გაიცა ორი ჯილდო. დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო – „ქართული თეატრის მეცენატი“ თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.

„ქართული თეატრის მეცენატის“ ჯილდო ერთ-ერთ კომპანიას და ხუთ ადამიანს გადაეცა, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ასევე ბიზნესმენებს – გიორგი თოფაძეს, ლაშა პაპაშვილს, გიორგი რამიშვილსა და ელგუჯა ბუბუტეიშვილს.

პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლ „გაყრას“ უკავშირდება.

ქართული თეატრის დღე „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა.