მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2019“ დაიწყო [ფოტო]
მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2019“ დაიწყო [ფოტო]

სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე სწავლება „მტკიცე სული 2019“ (Agile Spirit 2019) საზეიმოდ გაიხსნა.

„მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2019“.

II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, რანდელ სიმონსმა.

„საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. „მტკიცე სული 2019“ უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2019“ 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.