მრავალეროვნული სამხედრო სწავლება (Agile Spirit 2019) წელს 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება (Agile Spirit 2019) წელს 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას (Agile Spirit 2019) 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების ძირითადი დაგეგმარების კონფერენცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სწავლებაში ჩართული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და საერთაშორისო წვრთნის დეტალები განიხილეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წელს სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში მონაწილეობას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს. საერთაშორისო სამხედრო წვრთნაში მონაწილე ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მაისში, საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე დაზუსტდება.

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის და აშშ-ის ევროპის სარდლობის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით გაიმართება.  სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-ს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაა.