„მრავალეროვანმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები წარადგინა
„მრავალეროვანმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები წარადგინა

საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების კომპლექსური სამონიტორინგო პროგრამის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

მონიტორინგი განხორციელდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების პირველი და მეორე ტურის დროს და შემდგომ პერიოდში. მონიტორინგის მიზნობრივ არეალს წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული საარჩევნო ოლქები.

ანგარიშის თანახმად, ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას მოახდენდა, ადგილი არ ჰქონია. ორგანიზაციის დასკვნით, საარჩევნო პროცესში არ იქნა დარღვეული ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

„წინასაარჩევნო პერიოდის ანალიზი მკაფიოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ძირითადად აქტიურ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებდნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „შენების მოძრაობა“. საყურადღებოა ისიც, რომ ზემოთ ხსენებული საარჩევნო სუბიექტებიდან განსაკუთრებული აქტიურობითა და ამომრჩეველთა აუდიტორიის მოცვის მასშტაბურობით გამოირჩეოდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. რაც შეეხება დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს, ისინი ან საერთოდ არ იყვნენ წარმოდგენილნი სამონიტორინგო პროგრამის მიზნობრივ საარჩევნო ოლქებში, ან მათი პოლიტიკურ-ელექტორალური ჩართულობა უფერული გახლდათ. შესაბამისად, ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ამომრჩეველი მოკლებული იყო მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 40 ინციდენტი და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ იქნა 11 საჩივარი, რომელთაგანაც რვა დაკმაყოფილდა.

არჩევნების მეორე დღეს შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ორგანიზაციამ ექვსი საჩივარი შეიტანა, რომელთაგან ხუთი სრულად, ხოლო ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ცესკო-ს საქმიანობა იყო დროული, ეფექტური და გამჭვირვალე. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობდა ღიად და გამჭვირვალედ.