Mozzart Sport-ი - იანის ანტეტოკუნმპომ, შესაძლოა, ევრობასკეტი გამოტოვოს #1TVSPORT
Mozzart Sport-ი - იანის ანტეტოკუნმპომ, შესაძლოა, ევრობასკეტი გამოტოვოს #1TVSPORT

დაზღვევასთან არსებული პრობლემების გამო საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა, იანის ანტეტოკუნმპომ, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს, – ამის შესახებ გამოცემა Mozzart Sport-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ანტეტოკუნმპო სრულიად ჯანმრთელია და იმისთვის, რომ ევრობასკეტზე ითამაშოს, სადაზღვეო თანხის გადახდაა საჭირო, რომელსაც გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ „მილუოკი ბაქსის“ ვარსკვლავი ტრავმას მიიღებს.

„დაუჯერებელი ამბები ხდება საბერძნეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატამდე ორი კვირით ადრე. გუნდის მთავარი ვარსკვლავი, იანის ანტეტოკუნმპო არ გაემგზავრა კვიპროსში მოსამზადებელ ტურნირზე, სადაც საბერძნეთი სერბეთსა და ისრაელს შეხვდა და ორივე მატჩი დათმო. თავიდან ეგონათ, რომ მას მსუბუქი ტრავმა ჰქონდა, თუმცა როგორც ბერძნული SDNA იუწყება, სიტუაცია განსხვავებულია – იანისის სერბეთთან არყოფნის მიზეზი გადაუხდელი დაზღვევა იყო.

მოთამაშე ჯანმრთელია, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ბევრმა საბერძნეთში დაიწყო კითხვა – რა ხდება სინამდვილეში? იმისათვის, რომ იანისმა ითამაშოს, საჭიროა სადაზღვევო პოლისი, რომელიც ტრავმის შემთხვევაში მას დააზღვევდა. ამ საკითხში მისი კლუბი „მილუოკი ბაქსიც“ ჩართულია.

საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციას ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ფედერაციასთან დაახლოებული პირები ადასტურებენ, რომ საქმე „მილუოკის“ ხელშია. საბერძნეთი ერთადერთი ევროპული ნაკრებია, რომელსაც NBA-ში მოთამაშე ვარსკვლავთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ გაუჟღერებია. სიტუაციას უფრო კომპლექსურსა და რთულს ხდის ის ფაქტიც, რომ „მილუოკი“ ანტეტოკუნმპოს გასხვისებაზე ფიქრობს და ამ შემთხვევაში საბერძნეთის ნაკრებს ურთიერთობა კალათბურთელის ახალ კლუბთან მოუწევს.

ფაქტია, რომ ფედერაცია რეალურ პრობლემას მალავს და ყველაფერს ტრავმას აბრალებს. ცდილობენ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს არაფერი ხდება, თუმცა რეალობა განსხვავებულია – ჩვენი ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ნაკრებთან ერთად, ორი კვირაა, არ ვარჯიშობს და შესაძლოა, მან ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს.

ახლა სრული სიჩუმეა – იანისი არ ლაპარაკობს, კლუბში არ ლაპარაკობენ, ფედერაციაც დუმს. ფაქტია, სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ბოლო ცნობით, ის თესალონიკში 14 აგვისტოს მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩსაც გამოტოვებს. წარმოუდგენელია, რა ხდება საბერძნეთში დიდი ტურნირის წინ“, – წერს გამოცემა.

ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს მეტოქე იქნება. ამ გუნდებს შორის მატჩი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, 31 აგვისტოს შედგება.

ევრობასკეტის C ჯგუფის შეხვედრებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს.