მოზარდს, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მოზარდს, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მოზარდს, რომელსაც იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, მას დაუდგინდა „ა“ ტიპის ვირუსი, გრიპი. პაციენტი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად ხდება, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ეს შეფასება ეყრდნობა დღემდე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს.

ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტული მოტივაცია, რატომ არის ასეთი მცირე რაოდენობით მაჩვენებელი ბავშვებში, არ არსებობს, თუმცა არის ირიბი და ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაცია თეორიის დონეზე, რომ შესაძლებელია, პედიატრიულ პაციენტებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას განაპირობებდეს იმუნიზაცია, ანუ ის აცრები, რაც ტარდება ბავშვთა ასაკში.

„რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილ მოზარდს, ეს მოზარდი ჩვენთან მოხვდა და ჩვენი დაკვირვების ქვეშ იყო იმ მიზეზის გამო, რომ მისი დედა მოთავსდა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. მოზარდი იყო იზოლირებულ პალატაში. გადაეცა შეტყობინება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, საიდანაც მოვიდა სპეციალისტი, აიღო მასალა. კორონავირუსის ტესტი აღმოჩდა უარყოფითი. რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა მეორე პასუხი, კონკრეტულად რა ვირუსი იყო. ბავშვს დაუფიქსირდა „ა“ ტიპის ვირუსი. ასე რომ, ეს პაციენტი ახლა წევს ჩვენთან და მკურნალობს როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვი. წლის განმავლობაში გრიპის სეზონზე ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი გვაქვს.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბავშვებში ნაკლებად ვრცელდება კორონავირისუსი ინფექცია, ეს შეფასება ეყრდნობა დღემდე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. 20-წლამდე მოსახლეობის ორი პროცენტია დაინფიცირებულთა ჩამონათვალში. 15 წლამდე, რეალურად ბავშვთა ასაკი რასაც ნიშნავს, კიდევ უფრო მცირეა დაინფიცირებულების რაოდენობა. მიზეზი ამისა, თუ რატომ არის ბავშვებში ნაკლებად, რთულია ასახსნელად. კონკრეტული მოტივაცია, რატომ არის ასეთი მცირე რაოდენობით, არ არსებობს. თუმცა არის ირიბი და ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაცია თეორიის დონეზე, რომ შესაძლებელია, პედიატრიულ პაციენტებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას განაპირობებდეს იმუნიზაცია, ანუ ის აცრები, რომლებიც ტარდება ბავშვთა ასაკში, იცავს არამხოლოდ იმ ინფექციის საწინააღმდეგოდ, რომლის საწინააღმდეგო აცრაც უკეთდება, არამედ სხვა და მათ შორის, კორონავირუსის საწინააღმდეგოდაც აღმოჩნდა ეფექტური. თუმცა ეს არის მხოლოდ თეორია. ძალიან მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც დაუდასტურა კორონავირუსი“,- განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.