მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება
მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

სხდომაზე დაზარალებული პირების დაკითხვაც იგეგმება. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. დაცვის მხარის განცხადებით კი, ისინი ახალ მტკიცებულებებს წარადგენენ.

საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში აღნიშნულ საქმესთან მიმართებით არსებობს, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

ბრალდებულების ადვოკატები თვლიან, რომ გამოძიების პროცესი სრულყოფილად და ობიექტურად არ მიმდინარეობს.

„წარმოუდგენელია, ვისაუბროთ გამოძიების ეფექტურობაზე მაშინ, როდესაც ჯერჯერობით საქმეზე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება არის ურთიერთსაწინააღმდეგო, როდესაც არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით არ არის დადგენილი, თუ რამდენი სხვადასხვა დანით იქნა მიყენებული ჭრილობები. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ რა სახის დაზიანება მიაყენა გარდაცვლილს. შესაბამისად, მთელი რიგი დეტალები არის ბუნდოვანი“, – განაცხადა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს ორი არასრულწლოვანი მოკლეს. საქმეზე ორი მოზარდია დაკავებული, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

დატოვე კომენტარი