მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბელა მირიანაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართება
მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბელა მირიანაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობ ბელა მირიანაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ოჯახის ფოტოარქივში დაცული მასალები, ფოტოები სპექტაკლებიდან და ფილმებიდან.

თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1952 წელს ბელა მირიანაშვილი   თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შევიდა , სადაც სწავლობდა 4 წელი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მეორე კურსის სტუდენტი მიწვეული იქნა პირველ ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი” თებროლეს როლზე, მეოთხე კურსიდან იყო რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დასის წევრი.

სხვადასხვა დროს შესრულებული აქვს როლები ექვს სრულმეტრაჟიან ქართულ მხატვრულ ფილმში. მათ შორის : „ცეროდენა რაინდები (რუსუდანის როლი)”, „უდიპლომო სასიძო (ნანის როლი)”, „წარსული ზაფხული (ლიანას როლი)”, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი (ლამარას როლი)” და „მამლუქი“.

რუსთაველის თეატრის სცენაზე ნათამაშები აქვს რამდენიმე ათეულ წარმოდგენაში.

ბელა მირიანაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ბელა მირიანაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვინილი სპექტაკლი „ანტუანი და პატარა უფლისწული” დაიდგა. ორიგინალური იდეის ავტორი და რეჟისორი მისი შვილი, ირაკლი კავსაძეა. სპექტაკლში კახი კავსაძეც მონაწილეობს.

ფოტოგამოფენა 16 ივნისს გაიხსნება.

დატოვე კომენტარი