მოზამბიკში რადიკალმა ისლამისტებმა ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
მოზამბიკის რესპუბლიკის ქალაქ პალმაში რადიკალმა ისლამისტებმა ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ისლამისტები მოქალაქეების ავტოკოლონას იმ დროს ჩაუსაფრდნენ, როდესაც ისინი ქალაქიდან გარბოდნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ქალაქი პალმა კაბო დელგადოს პროვინციაში, გაზის საერთაშორისო პროექტების ლოგისტიკური ცენტრია. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ინფორმაციით, თავდამსხმელები მშვიდობიან მოსახლეობას საკუთარ სახლებში და ქუჩებში ესვრიან. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალაქის ქუჩებში თავმოკვეთილი ადამიანების ცხედრებია.
მოსახლეობის ნაწილი ქალაქის შემოგარენში ტროპიკულ ტყეებს აფარებს თავს. რამდენიმე ასეულმა უცხოელმა მუშამ სამხრეთ აფრიკიდან, ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან თავი მოიყარა სასტუმროებში, რომლებიც სწრაფად იქცა ისლამისტების თავდასხმების ობიექტად.
მოზამბიკის უსაფრთხოების ძალები ქალაქის გათავისუფლებას ცდილობენ.