მოწმე - გიორგი დგებუაძემ მითხრა, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია და შეშინება მიხეილ სააკაშვილმა დაგვავალაო
მოწმე - გიორგი დგებუაძემ მითხრა, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია და შეშინება მიხეილ სააკაშვილმა დაგვავალაო

გიორგი დგებუაძემ მითხრა, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია და შეშინება მიხეილ სააკაშვილმა დაგვავალაო, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმე მამუკა შაროვმა განაცხადა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელი იყო.

მისი თქმით, 2007 წელს კუდ-ის თანამშრომელი „მასტერა“, იგივე გიორგი დგებუაძე შეხვდა, პატარკაციშვილის დაგეგმილ ლიკვიდაციაზე პირადად ესაუბრა და ინფორმაცია მოსთხოვა.

ამასთან, მოწმემ დაადასტურა, რომ ამ შეხვედრიდან გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის შინაარსი „მასტერასთან“ საუბრის იდენტურია.

„2007 წელს მირეკავდა ვიღაც პიროვნება. თავი წარმომიდგინა გიორგი დგებუაძედ და ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. ეს 2007 წლის თებერვალში ხდებოდა. შევხვდით პუშკინის ბაღთან. ოს მძღოლთან ერთად მოვიდა. მანქანაში ჩავსხედით და მან მკითხა, სად ვმუშაობდი და რა ობიექტზე. აინტერესებდა ბადრი პატარკაციშვილის მზარეულის სახელი და გვარი. მითხრა, რომ სააკაშვილმა დაგვავალა ბადრი პატარკაციშვილის შეშინება, ლიკვიდაცია უნდა მოვახდინოთო. ვუთხარი, რომ მზარეულების სახელი და გვარი არ ვიცოდი, რადგან იშვიათად მიდიოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მითხრა, თავს დაკარგავ შენც და მეცო. თუ ინფორმაციას მივცემდი, კარგ სამსახურს მპირდებოდა. დეტალური ინფორმაცია არ მიმიცია, დავბრუნდი სამსახურში და ეს ამბავი არავისთვის მითქვამს. ამ შეხვედრის დროს, დგებუაძემ მითხრა, რომ ორ თვეში უნდა მოხდეს ბადრის ლიკვიდაციაო“, – განაცხადა მამუკა შაროვმა.