„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს უფრო ნაკლებად ანაღვლებს წარუმატებელი სტარტი, ვიდრე სხვებს. პრემიერ ლიგის ბოლო ორ მატჩში „იუნაიტედმა“ 5 ქულა დაკარგა (ფრედ ითამაშა „ვულვერჰემპტონთან“ და წააგო „ვესტ ჰემთან“) და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილამდე დაქვეითდა. გარდა ამისა, გუნდი ლიგის თასსაც გამოეთიშა, როდესაც ქვედალიგელ „დერბისთან“ პენალტების სერიაში დათმო.
შეკითხვაზე, აშინებდა თუ არა თანამდებობის დაკარგვის პერსპექტივა, მოურინიომ უპასუხა, რომ – არა.
პრეს-კონფერენცია პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ვალენსიას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართა.
„ყველა ფეხბურთელი თავისებურია და ერთმანეთს არავინ ჰგავს. განსხვავებულ მიდგომებს ვხედავ. ზოგიერთი მართლა განიცდის წაგებას, სხვები კი ისე გამოიყურებიან, თითქოს მოიგეს. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს წარუმატებელი სერია დასრულდეს“, – განაცხადა მოურინიომ.
„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ვალენსიას“ შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.