ვილი სანიოლის გუნდი წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში 6 ივნისს, საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს“ სტადიონზე ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომლისთვისაც ეს ევროპის ჩემპიონატამდე მოთელვა იქნება.
2016 წელს „ჯვაროსნებთან“ ევროპის ჩემპიონატამდე მსგავსი მოთელვა ესპანეთის ნაკრებს ცუდად დაუსრულდა – ის მატჩი „ჯვაროსნების“ სენსაციური მოგებით დასრულდა – 0:1. ნიდერლანდების ყველა ასაკობრივ ნაკრებთან გვითამაშია, მაგრამ მათ ეროვნულ გუნდს პირველად შევხვდებით.
ნიდერლანდები
ნიდერლანდებისთვის საქართველოსთან მატჩი ევრო 2020-ის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრაა – ფრანკ დე ბურის გუნდი ევრო 2020-ის პირველ მატჩს 13 ივნისს ამსტერდამის „იოჰან კრუიფი არენაზე“ უკრაინასთან გამართავს. ნიდერლანდების ნაკრები კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს ოთხშაბათს გამართული მატჩის შემდეგ, რადგან ამბიციური გუნდისთის შოტლანდიასთან 2:2 ფრე ცუდი შედეგია. თავად ნიდერლანდელები აღნიშნავენ, რომ გამარჯვებას შოტლანდია უფრო იმსახურებდა. ამასთან, ფრენკ დე ბურმა თავის განზრახვებზე უარი არ თქვა და დაადასტურა, რომ 5-3-2 სათამაშო სქემას საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გამოიყენებს და აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგაც ასე ითამაშებს.
„ოთხშაბათს ჰოლანდიამ ცუდად ითამაშა შოტლანდიის წინააღმდეგ და ის ფაქტი, რომ დე ბური იგივე წყობას აირჩევს, ნარინჯისფერი გულშემატკივრების შეშფოთებას იწვევს, რადგან ტურნირი უფრო და უფრო ახლოვდება. საქართველო არ არის ის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ნიდერლანდებს ხუთი მცველი დასჭირდება. თუ ნიდერლანდები კვლავ ცუდად ითამაშებს, დე ბურზე დიდი ზეწოლა მოხდება, რომ უარი თქვას იდეაზე და შემდეგ შაბათ-კვირას უკრაინის წინააღმდეგ 4-3-3 სქემას დაუბრუნდეს“, – წერს ინტერნეტ-გვერდი football-oranje.
მატიას დე ლიჰტს ვარჯიშზე წელი ასტკივდა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, დე ბური მცველს სიფრთხილის გამო დაასვენებს. დე ბურმა შეიძლება გადაწყვიტოს სასტარტო შემადგენლობის შეცვლა შოტლანდიასთან წარუმატებელი თამაშის შემდეგ. შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დეილი ბლინდი (აიაქსი), ქვინსი პრომესი (მოსკოვის სპარტაკი) და ლუკ დე იონგი (სევილია). კოდი გაკპოც (ეინდჰოვენი) იმედოვნებს, რომ ნიდერლანდების ნაკრებში დებიუტი ექნება.
საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ვერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერც შვეიცარიის, დანიისა და ირლანდიის ჯგუფში და ვერც ჩრდილოეთ მაკედონიასთან პლეი ოფის მატჩში. თუმცა, ბოლო პერიოდში გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში შვედეთსა და ესპანეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, საბერძნეთთან ფრედ ითამაშა, ხოლო რუმინეთთან გასვლაზე ბოლო შეხვედრა მოიგო.
ეს მატჩი საქართველოს ნაკრებს მოსამზადებლად სჭირდება, ხოლო ფეხბურთელებისთვის ერთგვარი ვიტრინაა, ნიდერლანდების გუნდების (და კიდევ მათ, ვინც მატჩს ნახავს) წარმომადგენლებს სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნამდე თავი რომ მოაწონონ.
საქართველოს ნაკრებს დააკლდება საბა კვირკველიაც (რომელიც რუმინეთთან 2 ივნისის მატჩში გააძევეს), ხვიჩა კვარაცხელია და ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია კი ვილი სანიოლმა არ გამოიძახა. ბათუმის „დინამოს“ მცველმა, ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა ირაკლი აზაროვმაც მატჩის წინა დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა.
ნიდერლანდების სავარაუდო შემადგენლობა
სტეკელენბურგი, ვეინდალი, ტიმბერი, დე ვრეი, ბლინდი, ფრენკ დე იონგი, დე რონი, ვეინალდუმი, პრომესი, ლუკ დე იონგი, მემფისი
შანსები
ცხადია, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნიდერლანდები და საქართველო სხვადასხვა „წონითი კატეგორიებია“. შესაბამისია ბუკმეიკერთა შეფასებებიც: ისინი ნიდერლანდების მოგების შანსს 2/11-ზე აფასებენ, ფრეს – 11/2-ზე, ხოლო საქართველოს – 14/1-ზე.
ბელგიელი მსაჯები
ნიდერლანდებისა და საქართველოს ამხანაგურ შეხვედრას ბელგიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, მას ასისტენტობას ჯო დე ვეირდტი და მატიას ჰილაერტი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ნეითან ფერბოომენია. მატჩზე ასევე იმუშავებს ვიდეო რეფერის სისტემა.
ტელე და რადიორეპორტაჟები
ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს“ სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო FM 102,3.