ევრო 2020 | საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანდები - მიზანი, ისტორია, კალენდარი [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2020 | საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანდები - მიზანი, ისტორია, კალენდარი [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის წინ, 6 ივნისს ნიდერლანდებს გენეარლური რეპეტიცია საქართველოს ნაკრებთან ელის. იმ მომენტისთვის ჩვენი მეტოქე ოპტიმალურ კონდიციებში იქნება, რადგან ევრო 2020 11 ივნისს იწყება.

ნიდერლანდების ნაკრები ყველა შეჯიბრებაზე ფავორიტთა შორისაა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ორჯერ გავიდა, ხოლო 1988 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ამ ქვეყანაში ოქროს თაობა შეიკრიბა – გულიტი, რაიკაარდი, ვან ბასტენი, კუმანი…

2010 წლის მუნდიალის ფინალში ნიდერლანდების ნაკრებმა დამატებით დროში წააგო ესპანეთთან და ვერცხლს დასჯერდა. მას მერე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებმა (2016, 2018) „ნარინჯისფრების“ გარეშე ჩაიარა. თუმცა მათ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარეს, 8-დან 6 მატჩი მოიგეს და ამჯერადაც ფავორიტთა შორის იქნებიან.

 

მწვრთნელი

ფრანკ დე ბური

2020 წლის სექტემბერში ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის ყოფილი აიაქსელი თანაგუნდელი ფრანკ დე ბური დაინიშნა. მან ამ პოსტზე „ბარსელონაში“ გადასული რონალდ კუმანი შეცვალა.

დე ბურს აქამდე მხოლოდ საკლუბო მწვრთნელის პრაქტიკა ჰქონდა. მუშაობდა „აიაქსში“, „ინტერში“, „კრისტალ პალასსა“ და „ატლანტა იუნაიტედში“.

 

საკვანძო ფეხბურთელი

მემფის დეპაი

ნიდერლანდების ნაკრებში დეპაის 54 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი. ფრანგული „ლიონის“ შემტევი „ნარინჯისფერთა“ თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი გუნდს 24 გოლიდან 6 მემფის დეპაის ანგარიშზეა.

 

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მემფის დეპაისთან კარგად ურთიერთქმედებს ჟორჯინიო ვეინალდუმი, რომელიც  გერმანელ გნაბრისთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის C ჯგუფის ბომბარდირი გახდა (8 გოლი).

ნიდერლანდების ნაკრებში – 62 მატჩი, 15 გოლი.

 

ვის დავაკვირდეთ

ფრენკი დე იონგი

„ბარსელონას“ 23 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგინარინჯისფრებში“ უკვე სტაჟიანი ფეხბურთელია. ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და მის ანგარშზე 24 მატჩია.

ევრო 2020-ზე იგი ნიდერლანდების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იქნება.

 

იცოდით?

  • 1970 წელს ჩემპიონთა თასი „ფეიენროორდმა“ მოიგო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეს თასი „აიაქსის“ ფეხბურთელებმა სამჯერ აღმართეს. ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად ნიდერლანდების ნაკრებმა ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.
  • ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარე ფრანჩესკო ტოლდომ ნიდერლანდბთან მატჩის გმირი გახდა – პენალტი ოთხჯერ აუღო. ერთხელ ძირითად დროში, სამჯერ პენალტების სერიაში. საინტერესოა, რომ 120 წუთში „ნარინჯისფრებმა“ მეორე თერთმეტმეტრიანიც გააცუდეს – პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა.
  • 1988 წელს ვიმ კიფტის გოლი პირველი თავური იყო ნიდერლანდებისთვის ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. სხვათა შორის, ეს 1988 წლის ევროპაზე ერთადერთი გოლი იყო (რვიდან), რომელშიც ვან ბასტენს მონაწილეობა არ მიუღია.
  • ევროპის ჩემპიონატებზე ხორდი კრუიფს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (1) ვიდრე მამამისს, იოჯან კრუიფს.

 

 

განსაკუთრებული მომენტები ევროპის ჩემპიონატებზე

  • არნოლდ მურენის შორეული გადაცემა თითქოს მიუწვდომელი იყო სსრ კავშირის ნაკრების საჯარიმოში მყოფი ნიდერლანდელი ფეხბურთელებისთვის. თუმცა მარკო ვან ბასტენი შესწვდა და მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. ფინალი ნიდერლანდებმა 2:0 მოიგო.

  • 2008 წელს ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა ანდრეა პირლოს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი საკუთარი კარის ხაზიდან გამოიტანა, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და ვესლი სნაიდერს ეფექტური გოლი გაატანინა.

  • 2000 წელს ნიდერლანდები ბელგიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იყო. მეოთხედფინალში ეფექტურად გაიმარჯვა – იუგოსლავია 6:1 დაამარცხა. ჰეთ-თრიქი პატრიკ კლუივერტმა შეასრულა.

დატოვე კომენტარი