მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს გაგრძელდება
მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს გაგრძელდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს იმ არასრულწლოვნის დაკითხვას განაგრძობენ, რომელსაც ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მასზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება და პატიმრობაში არ არის. ამავე ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია მისი მამა.

ეს ის არასრულწლოვანია, რომელიც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მისი დეიდაშვილის თხოვნით მივიდა, რომელსაც მოზარდებთან კონფლიქტი ჰქონდა. ის წინა სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მოზარდმა სასამართლოში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. გარდა ამისა, დაზარალებულად ცნობილმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოწმე საუბრობდა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარემ სხდომის შემდეგ საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, რომ მოზარდზე რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელდეს. დღეს მის დაკითხვას სწორედ ადვოკატები განაგრძობენ.