მოსწავლეების დაჭრის ფაქტზე ხაშურის ერთ-ერთი რესტორნის ორი თანამშრომელი გამოკითხვაზე გადაიყვანეს
მოსწავლეების დაჭრის ფაქტზე ხაშურის ერთ-ერთი რესტორნის ორი თანამშრომელი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

რესტორნის თანამშრომლები პირად საუბრებში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს დაჭრის ფაქტი კვების ობიექტის შიდა ტერიტორიაზე მოხდა. მათი თქმით, დაპირისპირებას რესტორნის გარეთ ჰქონდა ადგილი.

ერთ-ერთი დაჭრილის ახლობლის ინფორმაციით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები კვების ობიექტში თანაკლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მისივე თქმით, დაპირისპირება რესტორნის შიგნით დაიწყო და გარეთ გაგრძელდა.

„ევექსის“ კლინიკის ხელმძღვანელის, კახა ხელაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში თავდაპირველად ოთხი მოსწავლე შეიყვანეს, რომელთაგან ორი მსუბუქად იყო დაშავებული და მალევე გაწერეს. რაც შეეხება დაჭრილ ორ მოსწავლეს, მათგან ერთს დაზიანება მუცლის არეში, ხოლო მეორეს ყელისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.

ერთ-ერთ დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ხოლო მეორეს ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.