მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს კრემლში უმასპინძლა.

ლიდერებმა შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, ისრაელისა და სირიის საზღვართან არსებული დაძაბულობა განიხილეს.
შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ დამასკოს ყველაზე დიდ მოკავშირესთან განაცხადა, რომ ოფიციალური თელ-ავივი ისრაელის ტერიტორიის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთავს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ 11 ივლისს ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებულ დრონზეც ისაუბრა, რომელმაც ისრაელის ტერიტორიაზე სირიიდან შეიჭრა.

„რამდენიმე საათის წინ ისრაელის ტერიტორია სირიიდან უპილოტო საფრენმა აპარატმა გადმოკვეთა. ის ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა წარმატებით ჩამოაგდეს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი საჰაერო თუ სახმელეთო სივრცის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას ავღკვეთავთ“,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

ისრაელსა და რუსეთის მოკავშირე სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ასადის არმიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ოპერაცია დაიწყო. ამბოხებულების წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო მოქმედებები გოლანის მაღლობთან ახლოს მიმდინარეობს. 1967 წლის ექვსდღიან ომამდე სირიის შემადგენლობაში არსებული გოლანის მაღლობი დღეს ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს.