მოსკოვში უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ნიკოლაი რუდკოვსკი დააკავეს
მოსკოვში უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ნიკოლაი რუდკოვსკი დააკავეს

მოსკოვში უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი და უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ნიკოლაი რუდკოვსკი დააკავეს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება კიევში რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიასაშუალებების ცნობით, პოლიტიკოსი ჯერ კიდევ 28 სექტემბერს დააკავეს.

მოსკოვის სასამართლომ რუდკოვსკის პატიმრობა დაუსწრებლად 2016 წელს მიუსაჯა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე (თავდასხმა დაწესებულებებზე, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო დაცვით, ომის პროვოკაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით).

კიევში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია 2014 წლის ივნისში გაიმართა. დემონსტრანტები ლუგანსკში უკრაინული ილ-76-ის ჩამოგდებას აპროტესტებდნენ. თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად მაშინ 49 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს შენობას საღებავები, კვერცხები და ქვები ესროლეს. ინციდენტის შემდეგ აქციის რამდენიმე მონაწილეზე, მათ შორის რუდკოვსკიზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა.