მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეიდან არხიპ კუინჯის ტილოს მოპარვაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეიდან არხიპ კუინჯის ტილოს მოპარვაში ეჭვმიტანილი დააკავეს

მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეიდან არხიპ კუინჯის ტილოს მოპარვაში ეჭვმიტანილი დააკავეს. თავად ნახატი მოსკოვის ოლქში აღმოაჩინეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცია, ის მოსკოვის ოლქის სოფელ ზარეჩიეში დააკავეს. მან დაკითხვისას განაცხადა, რომ მოპარული ტილო ოდინცოვის რაიონში მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე დამალა. ხელოვნების ნიმუში სწორედ მითითებულ ადგილას აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილი წარსულში სამართალდამცველების მიერ დაკავებული იყო ნარკოტიკის შენახვისთვის.

ბერძნული წარმოშობის რუსი ფერმწერის არხიპ კუინჯის ტილო „აი-პეტრი.ყირიმი“ ტრეტიაკოვის გალერეიდან 27 იანვარს მოიპარეს. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცმა ტილო მრავალი ვიზიტორის თვალწინ ჩამოხსნა კედლიდან, ამოიღო ჩარჩოდან და წაიღო, თვითმხილველებს კი ის მუზეუმის თანამშრომელი ეგონათ.

მოწმეების ჩვენებების საფუძველზე სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ფოტორობოტი შეადგინეს.

არხიპ კუინჯის ნამუშევრების გამოფენა ტრეტიაკოვის გალერეაში 2018 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე მხატვრის 180-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ კუინჯის ნამუშევრები წარსულში მოუპარავთ ჩელიაბინსკისა და ვოლოგდის გალერეებიდან.