მოსკოვში „ტელეგრამის“ აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა
მოსკოვში „ტელეგრამის“ აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მოსკოვში ასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობით რუსეთში დაბლოკილი „ტელეგრამის“ აპლიკაციის აღდგენა მოითხოვა. ამ შინაარსის აქცია რუსეთის დედაქალაქში უკვე მეორედ იმართება. პოპულარული სასაუბრო აპლიკაცია რუსეთში გასულ თვეში დაბლოკეს.

დემონსტრანტებს შორის გაისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები, ინტერნეტ ცენზურის საწინააღმდეგო მოთხოვნები. ზოგი მათგანი ჰაერში ქაღალდის თვითმფრინავებს უშვებდა, რაც აპლიკაციის ლოგოზე გამოსახულ სიმბოლოს განასახიერებს.

„ტელეგრამი“ რუსეთში 16 აპრილს „როსკომნადზორის“ გადაწყვეტილებით დაბლოკეს მას შემდეგ, რაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა „ტელეგრამისგან“ მომხმარებლების დაშიფრულ მესიჯებთან წვდომაზე უარი მიიღეს.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის განცხადებით, მათ ეს წვდომა ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის პრევენციისთვის სჭირდებოდათ. „ტელეგრამის“ საპასუხო პოზიცია კი იმაში მდგომარეობდა, რომ უსაფრთხოების სამსახურების მოთხოვნაზე დათანხმებით, აპლიკაციის მომხმარებლების პრივატულობის უფლება დაირღვეოდა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობით, პოლიციამ აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა.