მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 5 მაისს გამართული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. თავად ნავალნი მის წინააღმდეგ ბრალდებას არასანქცირებული მიტინგის ორგანიზების შესახებ სასაცილოს უწოდებს.
„მე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვარ და არ მჭირდება დამატებითი კანონები, რომ გამოვიყენო ჩემი კონსტიტუციური უფლებები“, – განაცხადა ოპოზიციონერმა სასამართლოს დარბაზში.
ალექსეი ნავალნიმ აღნიშნა, რომ მოსკოვის მერია დაგეგმილი აქციის შესახებ გაფრთხილებული იყო, თუმცა მიტინგის გასამართად ნორმალური ადგილი არ შესთავაზა. ნავალნის თქმით, აქცია მშვიდობიანი იყო, ვიდრე ხელისუფლების მიერ მიყვანილი გაურკვეველი პირები არ მივიდნენ და ხალხს არ დაესხნენ თავს.
5 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის 100-მდე ქალაქში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები ლოზუნგით „ის ჩვენი ხელმწიფე არ არის“. აქციების დროს დააკავეს 1600-მდე ადამიანი, აქედან 230 დემონსტრანტი დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, 700-მდე კი – მოსკოვში. დაკავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვნები და ჟურნალისტები, ასევე თავად ნავალნი, რომლის წინააღმდეგაც ორი ადმინისტრაციული საქმე აღძრეს – მასობრივი ღონისძიების გამართვის წესების განმეორებითი დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის.