მოსკოვის გალერეაში უცნობმა პირმა ილია რეპინის ტილო „ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე“ დააზიანა
მოსკოვის გალერეაში უცნობმა პირმა ილია რეპინის ტილო „ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე“ დააზიანა

მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეაში უცნობმა მამაკაცმა ცნობილი ფერმწერის ილია რეპინის ტილო „ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე“ დააზიანა. რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი ტილო ცენტრში სამ ადგილას არის გახეული.

ინციდენტი 25 მაისის საღამოს მოხდა, როდესაც გალერეა იკეტებოდა. დარბაზში დარჩენილმა ბოლო ვიზიტორმა ნახატის მინას რკინის კეტი ჩაარტყა და გატეხა, შედეგად ტილო სერიოზულად დაზიანდა.

მამაკაცი გალერეის დაცვამ დააკავა. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის განადგურების ან დაზიანების მუხლით. დაკავებული ვორონეჟის მცხოვრები 37 წლის მამაკაცია. მისი თქმით, ტილო მასზე ასახული არასწორი ისტორიული ფაქტების გამო დააზიანა.

ილია რეპინმა ტილო “ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე” 1883-1885 წლებში დაწერა.