მოსკოვი „თალიბანის“ მონაწილეობით, ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებებს მასპინძლობს
მოსკოვი „თალიბანის“ მონაწილეობით, ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებებს მასპინძლობს

რუსეთის დედაქალაქი „თალიბანის“ მონაწილეობით, ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებებს მასპინძლობს. ეს თალიბების მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ავღანეთის საკითხზე პირველი მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციაა.

„თალიბანის“ წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის დედაქალაქში შეხვედრაში პაკისტანი, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები მონაწილეობდნენ.

აშშ-მა რუსეთის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა ამგვარ შეხვედრებში მომავალში მონაწილეობა არ გამორიცხა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთაშორისო საზოგადოებას ქაბულის ფინანსური ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის რესურსების მობილიზებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰუმანიტარული კრიზისი და შემცირდეს მიგრაციული ნაკადი.

ამასთან, ლავროვმა მოუწოდა თალიბებს, არ გამოიყენონ ავღანეთის ტერიტორია მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ მოძრაობა „თალიბანს“ მკაცრად მისდიონ ვინმეს მიერ მესამე ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ ავღანეთის ტერიტორიის გამოყენების დაუშვებლობის ხაზს, უპირველეს ყოვლისა, ავღანეთის უშუალო მეზობლების, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლება აღნიშნავს „ავღანეთის ახალი ადმინისტრაციის“ ძალისხმევას ქვეყანაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის მიმართულებით. თუმცა, ლავროვის თქმით, ავღანეთში მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა ნამდვილად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაა. თავის მხრივ, მოსკოვში მოლაპარაკებებზე რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა საერთაშორისო საზოგადოებას ავღანეთში მათ მიერ ჩამოყალიბებული დროებითი მთავრობის აღიარებისკენ მოუწოდეს.