მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის შემცირება და ახალი დისციპლინური სახდელების შემოღება იგეგმება
მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის შემცირება და ახალი დისციპლინური სახდელების შემოღება იგეგმება

მმართველმა გუნდმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

კანონპროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურასთან, დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების სახეებისა და დისციპლინური წარმოების განხილვის ვადებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებსა და წესებს ახლებურად მოაწესრიგებს.

კერძოდ, ცვლილებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება და ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის.

პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის ცვლილება შესაბამისი გადაწყვეტილებების, საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებაში გამოიხატება.

ამასთან, ცვლილებებით, მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა.

„მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს ლახავს და საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში.

ამასთან, კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირებაც. კერძოდ, განახევრება ყველა ეტაპზე.

ამათან, იგეგმება მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადის გაზრდა. პროექტის მიხედვით, როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე, მივლინება, ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი. ინიციატორების განმარტებით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების დღეს მოქმედი მაქსიმალური ვადები არასაკმარისია სასამართლოების გადატვირთულობისა და იქ განსახილველ საქმეთა სიჭარბიდან გამომდინარე.

ცვლილებების ინიციატორები გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე არიან.