მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ახალ წევრს აირჩევენ
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ახალ წევრს აირჩევენ

დღეს, მოსამართლეთა 27-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ახალ წევრს აირჩევენ. საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 18 მარტს ეწურება. სწორედ ამიტომ, კონფერენცია ვალდებულია, ახალი წევრი აირჩიოს. კონფერენციაზე, საბჭოს ახალი წევრი ფარული კენჭისყრით შეირჩევა.

„კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების გამო, მოსამართლეთა კონფერენციაზე შესაძლოა, შეიცვალოს ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დამტკიცებული დღის წესრიგი. კერძოდ, შესაძლოა, განხილვიდან მოიხსნას რიგი საკითხები. კონფერენციაზე მოხდება მხოლოდ იმ კონკრეტული საკითხის განხილვა, რომლის განხილვის ვალდებულებაც კანონით პირდაპირ არის დადგენილი კონკრეტულ ვადებში, კერძოდ კი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე ჩატარდა დეზინფექცია იუსტიციის სკოლაში, სადაც კონფერენცია უნდა გაიმართოს.

ამასთან, დარბაზის გარეთ მოხდება მონიტორების დამონტაჟება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კონფერენციის მსვლელობისთვის თვალყურის მიდევნება“, – აცნობეს საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

მოსამართლეთა კონფერენციის დამსწრეები რეგისტრაციის გავლას 10:00 საათზე შეძლებენ, 11:00-ზე კი, კონფერენცია დაიწყება.