მოსამართლეთა კონფერენციაზე ზოგიერთი პოლიტიკოსის, არასამთავრობოების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა
მოსამართლეთა კონფერენციაზე ზოგიერთი პოლიტიკოსის, არასამთავრობოების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა

მოსამართლეთა დღევანდელ რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა.

მოსამართლეებმა სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების უკეთესად გაცნობისკენ მოუწოდეს და მიუღებელი უწოდეს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ასევე, მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მიუღებელია, როდესაც კლანურ მმართველობაზე კეთდება განცხადებები და მათ შორის, საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლაზე.

კონფერენციის მონაწილე მოსამართლეები მიუღებლად მიიჩნევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების წევრების გათავისუფლებას და სასამართლოში კლანურ მმართველობაზე გაკეთებულ განცხადებებს.

სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეების ნაწილმა კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა პოლიტიკოსების ნაწილის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე.

სიტყვით გამოვიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც, რომლის განცხადებებსაც დარბაზიდან რეპლიკები მოყვა.

„არ მეგონა, რომ 279 ადამიანი შეიკრიბებოდა, რომ ჩემი და ანა დოლიძის მიმართ გამოეთქვა ასეთი კრიტიკული მოსაზრებები. მე დღეს ვხედავ, რომ ყველა ადამიანი, ვინც გამოდის, არის ერთ აზრზე, ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ იგივე სიტუაციას, რასაც ვხედავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მე დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ის ადამიანები რომლებსაც დღეს არ უსაუბრიათ დააფიქსირებენ განსხვავებულ აზრს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე მთავარი სასაუბრო საკითხი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. კონფერენციაზე დასასწრებად 279-მა მოსამართლემ გაიარა რეგისტრაცია. კონფერენციის ბოლოს მიიღებენ მიმართვას.