მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან რვა მონაწილემ გადალახა
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან რვა მონაწილემ გადალახა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან რვა მონაწილემ გადალახა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევით პასუხიან – მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის, დავალებას მოიცავდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტი ინდივიდუალურად შეადგინა. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო.

ტესტური გამოცდის მიმდინარეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აკვირდებოდა.

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება.

წერით გამოცდამდე კი, ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს, მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.

დატოვე კომენტარი