მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა შავაძემ ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას არარელევანტური უწოდა და პასუხი არ გასცა
მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა შავაძემ ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას არარელევანტური უწოდა და პასუხი არ გასცა

მე არ მსურს, თქვენს შეკითხვებს გავცე პასუხი. არ დავაკარგვინებ საბჭოს დროს, უბრალოდ, აცილების საკითხს არ დაგიყენებთ, – ასე მიმართა უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა შავაძემ, საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს.

კანდიდატის პროტესტი ჯანეზაშვილის კითხვას მოჰყვა, როდესაც საბჭოს არამოსამართლე წევრი დაინეტერესდა, მარკეტინგული თვალსაზრისით, რამდენად მოახდენდა გავლენას კანდიდატის საქმიანობაზე, მისი დღევანდელი გამოსვლა.

„მე არ მსურს, თქვენს შეკითხვებს გავცე პასუხი. არ დავაკარგვინებ საბჭოს დროს, უბრალოდ, აცილების საკითხს არ დაგიყენებთ. მე შემექმნა იმის შინაგანი რწმენა, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გავაკეთებ და ვიტოვებ უფლებას, რომ მე თქვენს შეკითხვებს არ ვუპასუხო ქალბატონო ნაზი. თქვენი შეკითხვები აბსოლუტურად არარელევანტურია და თქვენი განწყობა ჩემდამი არსებითად გასაგებია, აღარ მაქვს სურვილი, რომ თქვენს შეკითხვებს გავცე პასუხი. თქვენი პიროვნული განწყობიდან გამომდინარე თქვენ ეხებით ჩემს მარკეტინგს, საადვოკატო ხარისხს, კლიენტებს, ახლანდელს თუ სამომავლოდ. მე აქ იმისთვის არ ვარ მოსული, რომ რეკლამები ვიკეთო აქ და ა.შ. თქვენ „ენკავედეს“ მეთოდებით ახორციელებთ აქ ადამიანების დაკითხვას, ქალბატონო ნაზი”, -განაცხადა პაატა შავაძემ.

პაატა შავაძის მსგავსად, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვამ საბჭოს მოსამართლე წევრთა გაღიზიანებაც გამოიწვია, . მათ, არამოსამართლე წევრის კითხვებს, არარელევანტური, არასერიოზული და მუქარის შემცველი უწოდეს. ბრალდებებს გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილი.

„მოქალაქეებისთვის ვამბობ, რომ გასაუბრებაზე მოვიდა კანდიდატი, რომლის მთელი „ფეისბუქი“ არის გაჯერებული იმით, რომ აქებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც სისტემაში დღეისთვის აქვთ ძალაუფლება, აქებს ე.წ. ლიდერებს, ვინც სისტემას მართავენ. ამის შემდეგ, როდესაც ვსვამ შეკითხვებს, არ მპასუხობთ, რადგან თავი მოაწონოთ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თქვენს შესახებ. დაგისვით ძალიან მარტივი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა თქვენს საადვოკატო პრაქტიკას და გკითხეთ, მარკეტინგული თვალსაზრისით, რამდენად მოახდენდა გავლენას თქვენს საქმიანობაზე დღევანდელი გამოსვლა. ამაზე შეგეძლოთ გეპასუხათ კი ან არა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კანდიდატთან გასაუბრება ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. პროცესი დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.