მოსამართლეობის კანდიდატი როინ მიგრიაული - მოლოდინი მაქვს, რომ მოვხვდები 20-კაციან სიაში
მოსამართლეობის კანდიდატი როინ მიგრიაული - მოლოდინი მაქვს, რომ მოვხვდები 20-კაციან სიაში

არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩემს მიმართაც ჩაიკეტება სისტემა, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, როინ მიგრიაულმა გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია ე.წ. გარედან მოსული იურისტებისთვის.

კანდიდატს მიაჩნია, რომ მისი გამოცდილება გახდება საფუძველი, რომ საბჭოს მიერ, საკანონმდებლო ორგანოსთვის დასამტკიცებლად გადაგზავნილ 20-კაციან სიაში მოხვდება.

„კანდიდატთა სიაში სულ ორი ადვოკატი ვართ. მე დღეს ვარ პირველი ადვოკატი რომელიც გამოდის ამ გასაუბრებაზე. მოლოდინი იმისა, რომ ჩემს მიმართაც ჩაიკეტება სისტემა, არ მგონია, რომ ასე იყოს. ბევრ ქვეყანაში ასეთი გამოცდილება არის, როდესაც მოსამართლედ ინიშნება ადამიანი, ყურადღებას აქცევენ, ამ ადამიანს გააჩნდეს დიდი პრაქტიკული საადვოკატო გამოცდილება. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილების მქონე ადვოკატი სისტემისათვის მისაღებია და მოლოდინი მაქვს, მოვხვდები იმ 20-კაციან სიაში“, – განაცხადა როინ მიგრიაულმა.

კანდიდატთან გასაუბრება ამ წუთებში მიმდნარეობს. ის არის 55 წლის, საადვოკატო ბიუროს „მიგრიაული და პარტნიორები“ ხელმძღვანელი პარტნიორი.