მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე - სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში კლანურობის შეგრძნება არასდროს მქონია
მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე - სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში კლანურობის შეგრძნება არასდროს მქონია

დღეს საქართველოში, სასამართლო სისტემაში კლანი არ გვყავს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა შავაძემ, საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი შენგელია დაინტერესდა, არსებობს თუ არა სასამართლო სისტემაში კლანი. კანდიდატმა, ხასგასმით აღნიშნა, რომ განცხადებებს კლანთან დაკავშირებით აკეთებენ ისეთი ადამიანები, ვისაც მხოლოდ ჩინჩალაძე-მურუსიძის გვარი აქვს გაგონილი და იციან რომ უნდა ლანძღონ.

„კოლექტიური მურუსიძეები, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი და ა.შ. ასეთ განცხადებებს სამწუხაროდ, აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ გვარი და სახელი თუ აქვთ გაგონილი.

კი, მოდაშია მათი ლანძღვა. მე ვიტყოდი, რომ დღეს, ჩვენ, საქართველოში, სასამართლო სისტემაში კლანი არ გვყავს. თუ კლანად მიიჩნევენ და ასეთ შეფასებას აძლევენ, მათ ვეტყოდი, რომ ეს არის ე.წ. „კლანი“ გუნდური პრინციპებით მომუშავე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოღვაწეობენ და მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ძვრებია მათი მოღვაწეობის შედეგად, ჩვენს ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებაში ზოგადად“, – განაცხადა პაატა შავაძემ.

ამავე თემაზე, კანდიდატს, სასამართლოს ნდობის კუთხით, საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ლევან გზირიშვილმაც დაუსვა კითხვა, რაზეც კანდიდატმა განმარტა, რომ მისთვის სასამართლოსთან ურთიერთობა სასიამოვნოა.

„მე ძალიან მსიამოვნებს სასამართლოსთან ურთიერთობა და მკაფიოდ, ამაყად ვიტყვი, რომ მე ვენდობი დღეს სასმართლოს და მსიამოვნებს სასამართლოსთან ურთიერთობა. 2005 წლიდან, სასამართლო დარბაზში ვზივარ და მას შემდეგ მაქვს ურთიერთობა სასამართლო ხელისუფლებასთან. მითქვამს და ვიმეორებ, ძალიან გაბედულად, ძალიან ამაყად, რომ კლანურობის შეგრძნება მე არასდროს არ მქონია სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში და არც მექნება არასოდეს იმიტომ, რომ ვენდობი სასამართლოს, მჯერა რომ მართლმსაჯულება ყოველთვის ღირსეულად იქნება აღსრულებული ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა შავაძემ.