მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი - სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟია ევროპული სასამართლოს ასეთი დიდი ტესტის გავლა
მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი - სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟია ევროპული სასამართლოს ასეთი დიდი ტესტის გავლა

ყველა გადაწყვეტილება, რომელზეც ევროპული სასამართლო იტყვის, რომ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პრინციპის დაცვით არის განხილული, სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა.

კერძოდ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატისგან დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას  „რუსთავი 2“-ის ნაწილში.

მერაბ გაბინაშვილის თქმით, ის კონკრეტულ საქმეს არ შეაფასებს და განიხილავს ზოგად ვითარებას.

„მინდა უბრალოდ მოვაცილოთ სათაური, ეს იქნება „რუსთავი 2“ თუ სხვა საქმე, არ აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელზეც ევროპული სასამართლო იტყვის, რომ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პრინციპის დაცვით არის განხილული, ჩემთვის იქნება აბსოლუტურად მისაღები. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟია ასეთი დიდი ტესტი გაიაროს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ დავარქვათ ამას სახელი. ძალიან დიდი ტკივილია ისიც, თუ უფლების დარღვევაა, რა თქმა უნდა, ეს არის გასათვალისწინებელი, როგორც ხელისუფლების სამივე შტოსთვის და ვისაც ეხება იმისთვისაც“, – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

ამასთან მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, არც ერთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დარღვევა დაადგინოს სტრასბურგის სასამართლომ კონკრეტული მოსამართლის მიერ განხილული საქმის მიმართ, არ შეიძლება შეფასდეს მოსამართლის ნეგატიურ საქმიანობად.

„ჩემთვის მაგალითად, სასამართლოს ავტორიტეტის ზრდის ერთ-ერთი საშუალება ისიც არის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დავუშვათ თქვას, სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება ზედმიწევნით იყო დაცული. ამასთან ევროპის საკონსტიტუციო საბჭოს რეკომენდაციებშიც არის ჩაწერილი, რომ არც ერთ ქვეყანაში სადაც კი შეიძლება დარღვევა დაადგინოს სტრასბურგის სასამართლომ კონკრეტული მოსამართლის მიერ განხილული საქმის მიმართ, არ შეიძლება შეფასდეს მოსამართლის ნეგატიურ საქმიანობად ან დისციპლინურ პასუხისმგებლობად. მე ვაფასებ სასამართლოს ავტორიტეტს და არ მაინტერესებს იმას სახელად „რუსათავი 2“ ჰქვია თუ სხვა რამე“, – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.