მოსამართლეობის კანდიდატ თეა ძიმისტარაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები აზიანებს სასამართლოს ინტერესებს
მოსამართლეობის კანდიდატ თეა ძიმისტარაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები აზიანებს სასამართლოს ინტერესებს

საჯარო მოხელეების მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა სასამართლოსადმი უნდა იყოს არიდებული, უნდა იყოს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობილი, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვხედავთ, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თეა ძიმისტარაშვილმა, საბჭოს არამოსამართლე წევრის კითხვას, არიან თუ არა სასამართლოში ავტორიტეტული ჯგუფები.

კანდიდატის თქმით, ხშირია სასამართლო სისტემის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა, რომელიც რეალურად აზიანებს სასამართლოს ინტერესებს.

„სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ყველა პრინციპის განხორციელება აუცილებელია, რაც კანონმდებლობითაა დაწესებული. ნდობის უფლების მქონე სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია, თუმცა აქ ხდება სხვა მოვლენები, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ აზიანებს ამ სასამართლო პროცესებს. პოლიტიკური პარტიების განცხადებები, ხშირად დაუსაბუთებელი, მოქმედებს საზოგადოებაზე, ახდენს გავლენას კონკრეტულ პირთა ჯგუფებსა და საზოგადოების ნდობაზე. ეს გარემოებები არყევს სასამართლოს ავტორიტეტსა და მისდამი ნდობას. პარტიებს ამას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ საჯარო მოხელეების მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა სასამართლოსადმი უნდა იყოს არიდებული, უნდა იყოს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობილი, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვხედავთ და ეს რეალურად აზიანებს სასამართლოს ინტერესებს. საზოგადოებისთვისაც უკვე ინტერესის სფერო აღარ არის მუდმივად ამ თემით მუსირება, კლანი და ა.შ. თავს შევიკავებ ამ საკითხზე პასუხის გაცემისგან და თვითონ საზოგადოება გადაწყვეტს ამ საკითხს.

სასამართლოს პოზიცია ცნობილია, შეუძლებელია, 300 კაცი ვინმემ ერთ აზრზე დააყენოს, რაღაც თითქოს მისტიკურ მოვლენებზეა საუბარი. ეს არის უკვე პოლიტიკურ სფეროში გადანაცვლებული საკითხები და ჩემთვის, როგორც რიგითი მოსამართლისთვის, ეს საკითხები ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის და თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან“, – განაცხდა თეა ძიმისტარაშვილმა.