მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე იუსტიციის მინისტრის დაკითხვის თაობაზე 
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე იუსტიციის მინისტრის დაკითხვის თაობაზე 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვის თაობაზე.

შალვა ხაჭაპურიძემ რატი ბრეგაძის პროცესზე დაკითხვის შუამდგომლობა მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დაუკავშირა.

„საჯარო სივრცეში აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ესენია „ემპათიის“ დასკვნაზე და სამხარაულის ექსპერტიზაზე ჩატარებული ბრიფინგი. განაცხადა, რომ სააკაშვილი განზრახ ეწევა თვითდაზიანებებს და ექიმებს არ ემორჩილება. ბრეგაძის განცხადებები ლეტალური შედეგისკენაა მიმართული. მოწვეული უნდა იყოს და მისცეს ჩვენება, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ სააკაშვილი ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს პრესასთან, არ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე.

„მიმაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს გარკვეულ განცხადებებს პრესასთან, არ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე. თუკი რაიმე საჭიროება იყო, შეეძლოთ, პირველ ეტაპზე გაეჟღერებინათ და ალბათ მათთან ერთად, სასამართლოც იზრუნებდა მოწმის დაკითხვასთან და მის წარმოდგენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა წაგვართმევს დროს, მით უფრო, ისეთი მოწმის, რომელიც არ არის სპეციალისტი, ექსპერტი და ვერ მოგვაწვდის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის თაობაზე ინფორმაციას“, – განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

ამასთან, სააკაშვილის დაცვის მხარემ ყველა მანამდე დასახელებული მოწმის დაკითხვის საკითხი მოხსნა და მხოლოდ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, მალხაზ ურთქმელიძის დაკითხვა მოითხოვა.