მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი - მტკიცებულებების გამოკვლევით პროვოკაცია არ გამოკვეთილა, პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია, ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ შესვლის უფლება არავის ჰქონდა
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი - მტკიცებულებების გამოკვლევით პროვოკაცია არ გამოკვეთილა, პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია, ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ შესვლის უფლება არავის ჰქონდა

ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს არ გამოკვეთილა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.

„ბრალდებულები აცხადებდნენ, თითქოს ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, თუმცა მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ეს არ გამოკვეთილა. ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას ვნახეთ, რომ აქციაზე გარკვეული განცხადებები გაკეთდა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მოწოდების საფუძველზე პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლეთ. მოგიწოდეს რა – პრეზიდენტის სასახლესთან გადაგენაცვლებინათ და მამაკაცური ძალებით განგეხორციელებინათ ის ქმედებები, რაც ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ. აქცია მშვიდობიანი იყო თავისუფლების მოედანზე და არცერთი თქვენგანი იქ არ დაუკავებია პოლიციას. ძალადობა განხორციელდა მას შემდეგ, რაც აქციას შეუერთდით ათონელის სასახლესთან. პოლიციის არაერთი თანამშრომელი დაშავდა. პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და არავის აქვს უფლება, გადაინაცვლოს მის ეზოში, თუ საშვი არ აქვს. არაერთხელ მოხდა სტრატეგიულ ობიექტზე შეჭრა. ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება. ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ, რომ გადაღებასაც უშლიდნენ აქციის მონაწილეები. პროკურატურამ ბრალდების დადასტურება მოახერხა რვავე ბრალდებულის მიმართ“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული რვა პირი – ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.