მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებული გარემოებების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, არ წასულიყო აშშ-ში
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებული გარემოებების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, არ წასულიყო აშშ-ში

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებული გარემოებების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, არ წასულიყო აშშ-ში.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სწორედ ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა და აღნიშნა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაჯანსაღ გარემოებას.

„თქვენთვისაც ცნობილია იმ გარემოებების შესახებ, რაზეც ჩემმა კოლეგამ ისაუბრა. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია ასეთი გარემოებები და ასეთი ფაქტი, ამიტომ ამ მიუღებლობიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ წავიდოდი. აქვე აღვნიშნავ, რომ მოსამართლის მიერ მიღებულ რომელიმე გადაწყვეტილებაზე რაიმე ანგარიშის მოთხოვნა არის ყოვლად მიუღებელი და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად არ მქონდა მორალური უფლება, ამ ყოველივეს შემდეგ მაგ ვიზიტში მიმეღო მონაწილეობა. ამიტომაც მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. ბატონი ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როგორ არაჯანსაღ გარემოებასაც ჰქონდა მის მიმართ ადგილი, რაზეც ლაშა ჩხიკვაძემ თავის განცხადებაში უკვე ისაუბრა. სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა რომეო ტყეშელაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს განცხადება გაავრცელა. ჩხიკვაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ჩხიკვაძის განცხადებით, საელჩოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე მას უთხრა, რომ აშშ-ში დაგეგმილ მოსამართლეთა ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.